ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში რეალური მშპ წლიურად 7.9%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.2%-იანი ზრდის შემდეგ, რაც ბაზრის მოლოდინებს აღემატება. იანვრის ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია & კომუნიკაციის, საფინანსო & სადაზღვევო, სასტუმროები & რესტორნების და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება 2026 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 12.3%-ით გაიზარდა 2026 წლის იანვარში და საკრედიტო პორტფელმა 70.4 მლრდ ლარი (26.2 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, იანვარში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 13.3% შეადგინა (-0.9% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 11.0%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 15.5% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის იანვარში სესხების დოლარიზაციამ 42.4% შეადგინა (უცვლელი თ/თ და -1.28პპ წ/წ). 
2026 წლის იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 15.8%-ით გაიზარდა წინა თვის მსგავსად  (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 66.8 მლრდ ლარი (24.8 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ვალუტების მიხედვით, იანვარში ლარის დეპოზიტები წლიურად 27.9%-ით გაიზარდა (+26.9% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 5.2% იყო (+5.8% წინა თვეში). შედეგად, იანვარში დეპოზიტების დოლარიზაცია 47.4%-მდე შემცირდა (-0.35პპ თ/თ და -5.84პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 86.6 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2026 წლის იანვარში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.