ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა თვის მსგავსად, 2025 წლის დეკემბერში რეალური მშპ წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც სრულიად თანხვედრაშია ჩვენს პროგნოზთან. დეკემბრის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის და სასტუმროები და რესტორნების დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება 2026 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 13.9%-ით გაიზარდა 2025 წლის დეკემბერში და საკრედიტო პორტფელმა 70.9 მლრდ ლარი (26.3 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეკემბერში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.0% შეადგინა (+2.7% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით, წინა თვის მსგავსად, წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 15.0% შეადგინა, წინა თვის 14.6%-იანი ზრდის შემდეგ; 2025 წლის დეკემბერში სესხების დოლარიზაციამ 42.4% შეადგინა (+0.58პპ თ/თ და -0.95პპ წ/წ). 
2025 წლის დეკემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 15.8%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 66.9 მლრდ ლარი (24.8 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ვალუტების მიხედვით, დეკემბერში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 26.9%-მდე დაჩქარდა (+22.2% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 5.8%-მდე შენელდა (+6.1% წინა თვეში). შედეგად, დეკემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 47.7%-მდე ჩამოვიდა (-0.18პპ თ/თ და -4.95პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 361 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2025 წლის დეკემბერში. ჯამურად, 2025 წელს სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.