ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში რეალური მშპ წლიურად 7.2%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 6.0%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა. ნოემბრის ზრდა ძირითადად განაპირობა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, საფინანსო და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
მიმდინარე ანგარიში: 2025 წლის მე-3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დადებითმა ბალანსმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 3.3%-ია. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად განაპირობა მომსახურების ბალანსის წლიურმა 18.8%-ით ზრდამ, უარყოფითი შემოსავლის ბალანსის წლიურმა 25.5%-იანმა კლებამ და ტრანსფერტების ბალანსის წლიურმა 9.1%-იანმა ზრდამ. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქონლის სავაჭრო დეფიციტი წლიურად 10.7%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 46.8%-ით 584.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა და მშპ-ის 2.1% შეადგინა (4.4% იყო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში). ამასთან, თუ მიმდინარე ანგარიშიდან რეინვესტიციებს გამოვრიცხავთ (აღირიცხება როგორც მიმდინარე ანგარიშის, ისე მისი დაფინანსების წყაროს მუხლებში), მაშინ ბალანსი დადებითია 2025 წლის იანვარ-სექტემბერში და მშპ-ის 1.4%-ს შეადგენს (-0.3% იყო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 22.3%-ით 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 1.7-ჯერ აღემატებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს.
ჩვენი განახლებული პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2025 წელს, რაც შემცირებულია წინა 5.0%-იანი პროგნოზიდან. 2026 წელს კი, ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირედით მშპ-ის 3.3%-მდე გაიზრდება.