ინფლაცია: 2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 5.2%-დან. ინფლაციის წლიური შენელება ძირითადად შერეული საქონლის ფასების 5.8%-მდე შენელებამ განაპირობა (8.2% წ/წ წინა თვეში). ამასთან, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასები ნოემბერში წლიურად 6.4%-მდე გაიზარდა (+6.2% წ/წ წინა თვეში), ხოლო იმპორტირებული საქონლის ფასები წლიური ზრდა 0.2% იყო (უცვლელი წ/წ წინა თვეში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.3%-მდე შენელდა 2025 წლის ნოემბერში წინა თვის 2.4%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.3% წ/წ, +3.48პპ), ჯანდაცვა (+8.0% წ/წ, +0.66პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.4% წ/წ, +0.28პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.2% წ/წ, +0.23პპ) ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-1.3% წ/წ, -0.07პპ) და კავშირგაბმულობა (-4.0% წ/წ, -0.13პპ).
ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.9%-ის, ხოლო 2026 წელს 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 41.0%-ით გაიზარდა და 5.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 3.8%-ით გაიზარდა (+213.2 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+41.2 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 დეკემბერს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ნოემბერში მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.5%-ს შეადგენს.