საკრედიტო რეიტინგი: 2025 წლის 21 ნოემბერს, Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე და პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ეს უკანასკნელი ძირითადად ასახავს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვებას, 2022-24 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და სოლიდური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს. Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება 2025 წელს და 5.3%-ით 2026 წელს.
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა 318.7 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 12.1%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+15.2%, მთლიანის 46.6%), აშშ-დან (+16.5%, მთლიანის 18.6%), რუსეთიდან (+20.2%, მთლიანის 13.0%), ისრაელიდან (+13.9%, მთლიანის 7.5%) და თურქეთიდან (+18.1% წ/წ, მთლიანის 3.4%). ამასთან, ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყირგიზეთიდან (-18.4%, მთლიანის 2.4%) და ყაზახეთიდან (-14.2%, მთლიანის 2.0%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 0.4%-ით გაიზარდა და 684.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 14.2%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 3.1%-ით შემცირდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 2.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 5.9%-ით შემცირდა 775.4 მლნ აშშ დოლარამდე. 2025 წლის ოქტომბერში მანქანები (+19.1% წ/წ), თხილი (+73.2% წ/წ), სპირტიანი სასმელები (-6.5% წ/წ), ღვინო (+26.1% წ/წ) და ფეროშენადნობები (-73.9% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 10.8% ევროკავშირზე მოდიოდა (+11.7% წ/წ), 71.6% დსთ-ზე (+14.4% წ/წ) და 17.6% სხვა ქვეყნებზე (-35.5% წ/წ). 2025 წლის ოქტომბერში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-34.0% წ/წ), ნავთობი (+16.4% წ/წ), მედიკამენტები (-3.6% წ/წ), ნედლი ნავთობი (+$46.3 მლნ წ/წ) და ტელეფონები (-1.2% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.1%-ით გაიზარდა და 9.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა 5.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.3%-ით გაიზარდა და 15.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.6%-ით გაიზარდა 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვეში არსებული 4.4%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+3.9%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (+21.7%) და ელექტროენერგიის მიწოდების (+10.0%) სექციებში.