ინფლაცია: 2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2%-მდე დაჩქარდა, (+4.8% წინა თვეში), რაც ძირითადად პურის ფასის ზრდამ განაპირობა. მთლიანობაში, ოქტომბრის ინფლაციაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია ადგილობრივ ინფლაციას ჰქონდა, რომელიც წლიურად 6.2%-ით გაიზარდა (+6.3% წ/წ წინა თვეში), შემდეგ მოდის შერეული საქონლის ინფლაცია, რომლის წლიური ზრდის ტემპი 8.2%-მდე დაჩქარდა (7.8% წ/წ წინა თვეში). ამასთან, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად ოქტომბერში არ შეცვლილა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.4%-მდე გაიზარდა 2025 წლის ოქტომბერში წინა თვის 2.1%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+11.7% წ/წ, +3.88პპ), ჯანდაცვა (+8.9% წ/წ, +0.75პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.6% წ/წ, +0.36პპ), ტრანსპორტი (-0.8% წ/წ, -0.09პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.2% წ/წ, -0.14პპ) და კავშირგაბმულობა (-4.2% წ/წ, -0.14პპ).
ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.9%-ის, ხოლო 2026 წელს 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება სურსათის ფასების ინფლაციის შენელების მოლოდინს, რაც ითვალისწინებს მსოფლიო ბაზრებზე სურსათის ფასების მიმდინარე შენელების ტენდენციას.
მონეტარული პოლიტიკა: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.0%-ზე დატოვა, რაც ასახავს რეგულატორის ფრთხილ მიდგომას ხანგრძლივად მაღალი მოქნილი ფასების ინფლაციისა (მეტწილად, სურსათის) და გლობალურად მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.0%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შენელდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 37.2%-ით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ოქტომბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 3.2%-ით გაიზარდა (+175.3 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+42.7 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ნოემბერს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%-ს შეადგენს.