ტურიზმის შემოსავლები: სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-3 კვარტალში. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს (+5.1% წ/წ) გაუტოლდა.
2025 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.5 მლრდ აშშ დოლარიდან.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი 703.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქონლის იმპორტი, მცირედით, წლიურად 0.3%-ით შემცირდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.4%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.0%-ით შემცირდა 737.3 მლნ აშშ დოლარამდე.
2025 წლის სექტემბერში მანქანები (-3.1% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+69.2% წ/წ), სპირტიანი სასმელები (+22.8% წ/წ), თხილი (+62.0% წ/წ) და ღვინო (+35.6% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 15.2% ევროკავშირზე მოდიოდა (+122.7% წ/წ), 69.0% დსთ-ზე (+4.2% წ/წ) და 15.8% სხვა ქვეყნებზე (+8.7% წ/წ).
2025 წლის სექტემბერში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-30.9% წ/წ), ნავთობი (+24.5% წ/წ), მედიკამენტები (+26.7% წ/წ), ტელეფონები (+9.1% წ/წ) და ძრავები (+$24.2 მლნ წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა და 13.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა 2025 წლის სექტემბერში, წინა თვეში არსებული 3.8%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+2.6%), ელექტროენერგიის მიწოდების (+11.6%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+7.9%) სექციებში.