ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივლისში რეალური მშპ წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8.0%-ით გაიზარდა. ივლისის ზრდა ძირითადად განაპირობა ტრანსპორტის და დასაწყობების, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ხელოვნება, გართობის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 15.7%-ით გაიზარდა 2025 წლის ივლისში წინა თვის 15.5%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 66.1 მლრდ ლარი (24.4 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივლისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა (+0.3% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 15.6%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 14.3% იყო; 2025 წლის ივლისში სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 42.4%-მდე შემცირდა (-0.69პპ თ/თ და -1.86პპ წ/წ). 
2025 წლის ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 10.9%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 62.0 მლრდ ლარამდე (22.8 მლრდ აშშ დოლარი), წინა თვეში დაფიქსირებული 11.6%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, ივლისში ლარის დეპოზიტები წლიურად 8.8%-ით გაიზარდა (+9.5% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 13.2% იყო (+13.7% წინა თვეში). ამასთან, ივლისში დეპოზიტების დოლარიზაციამ 49.7% შეადგინა (უცვლელი წ/წ და +1.17პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: 2025 წლის ივლისში ლარის შემდგომი გამყარების ფონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, სოლიდური, 416.9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.