ინფლაცია: 2025 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 4.0%-ის შემდეგ. ივლისის ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 5.4%-იანმა ზრდამ (+5.2% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 7.5%-იანი ზრდა (+7.2% წ/წ წინა თვეში). საპირისპიროდ, იმპორტირებული საქონლის ფასების შემცირება გაგრძელდა ივლისშიც, თუმცა წლიური კლების ტემპი -1.6%-მდე შენელდა (-2.0% წ/წ წინა თვეში), რაც გარკვეულწილად ანეიტრალებს ფასების საერთო დონეზე დამატებით ზეწოლას.
საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, წინა თვის მსგავსად, 2025 წლის ივლისში 2.2% იყო.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.4% წ/წ, +3.45პპ), ჯანდაცვა (+9.5% წ/წ, +0.80პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.7%, +0.24პპ), განათლება (+4.6% წ/წ, +0.24პპ), სასტუმროები და რესტორნები (+6.7%, +0.21პპ), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2.8% წ/წ, -0.17პპ), კავშირგაბმულობა (-6.9% წ/წ, -0.24პპ) და ტრანსპორტი (-3.8% წ/წ, -0.48პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის ივლისში 0.2%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, რაც ძირითადად განაპირობა ფასების კლებამ ტანსაცმელი და ფეხსაცმლის (-4.1% წ/წ, -0.19პპ) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (-0.4% თ/თ, -0.14პპ) კატეგორიებში, ხოლო ეს გავლენა ნაწილობრივ გაანეიტრალა ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+1.8% წ/წ, +0.19პპ) კატეგორიაში.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 5.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 7.1%-ით გაიზარდა (+331.3 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 15.1%-ს შეადგენს.