ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივნისში რეალური მშპ წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8.3%-ით გაიზარდა. ივნისის ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
მონეტარული პოლიტიკა: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.0%-ზე დატოვა, რითაც გააგრძელა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ზომიერი ინფლაციური წნეხის ფონზე. აღსანიშნავია, რომ რეგულატორმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-დან 7.4%-მდე გაზარდა. ამავდროულად, სებ-ი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი გლობალური გაურკვევლობება ინფლაციური რისკების მატარებელია და არსებული განაკვეთის დონე საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისია. სებ-ის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3.0%-ის გარშემო დასტაბილურდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.