ტურიზმი: 2025 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1.6 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.7%-იანმა ზრდამ განაპირობა (80.1% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 5.4%-ით შემცირდა. ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+16.0% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა აზერბაიჯანიდან (+46.7% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება), ევროკავშირიდან (+20.5% წ/წ), სომხეთიდან (+7.2% წ/წ) და ინდოეთიდან (+33.5% წ/წ). ამასთან, ვიზიტორთა შემცირება თურქეთიდან (-16.5% წ/წ) და ირანიდან (-8.2% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში. ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.9%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (42.5%-იანი წილი).
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.1%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მეორე კვარტალში. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.0 მლრდ აშშ დოლარს (+6.2% წ/წ) გაუტოლდა, ჩვენი შეფასებთ.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მაისში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 2.3%-ით გაიზარდა (+103.3 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივლისს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.1%-ს შეადგენს.