საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 14.7%-ით გაიზარდა 2025 წლის მაისში, წინა თვის 17.8%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 64.7 მლრდ ლარი (23.7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მაისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 15.1% შეადგინა (+1.1% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 15.7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 14.5% იყო; 2025 წლის მაისში სესხების დოლარიზაცია 42.9%-მდე შემცირდა (-0.39პპ თ/თ და -2.76პპ წ/წ).
2025 წლის მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 58.9 მლრდ ლარამდე (21.3 მლრდ აშშ დოლარი), წინა თვეში დაფიქსირებული 10.2%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, მაისში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 9.1%-მდე დაჩქარდა (+3.8% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა (+17.0% წინა თვეში). ამასთან, მაისში დეპოზიტების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით, საგრძნობლად, -1.40პპ-ით 50.8%-მდე შემცირდა, თუმცა წლიურად ის კვლავ გაზრდილი რჩება (+0.98პპ წ/წ).
სავალუტო ინტერვენციები: 2025 წლის მაისში ლარის გამყარების ფონზე ეროვნულმა ბანკმა გააგრძელა რეზერვების დაგროვება და სავალუტო ბაზარზე 245.4 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა 613.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.