ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აპრილში რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 9.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა. აპრილის ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო, სამთომოპოვებითი მრეწველობის, უძრავი ქონების ოპერაციების და ტრანსპორტის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა 2025 წლის აპრილში, წინა თვის 17.9%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 64.2 მლრდ ლარი (23.3 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აპრილში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 15.5% შეადგინა (+0.7% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 16.8%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 15.2% იყო; 2025 წლის აპრილში სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით, მცირედით, 0.14პპ-ით 43.3%-მდე გაიზარდა, თუმცა წლიურად -1.49პპ-ით არის შემცირებული.
2025 წლის აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 10.2%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 58.8 მლრდ ლარამდე (21.2 მლრდ აშშ დოლარი), წინა თვეში დაფიქსირებული 11.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, აპრილში ლარის დეპოზიტები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა (+5.9% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 17.0%-ით იყო (+16.7% წინა თვეში). ამასთან, აპრილში დეპოზიტების დოლარიზაცია 0.60პპ-ით 52.2%-მდე შემცირდა, თუმცა წლიურად ის კვლავ გაზრდილი რჩება (+3.91პპ წ/წ).
სავალუტო ინტერვენციები: 2025 წლის აპრილში ლარის კურსის გამყარების ტრენდმა ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა სავალუტო ბაზარზე 266.4 მლნ აშშ დოლარი შეესყიდა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში სებ-მა 368.1 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.