მონეტარული პოლიტიკა: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.0%-ზე დატოვა. სებ-ი ინარჩუნებს ფრთხილ მიდგომას ინფლაციაზე მოქმედი რისკებიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინარე გლობალური მოვლენები სტაგფლაციურ რისკებს აძლიერებს, რომელიც საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. გარდა ამისა, ქვეყანაში ძლიერი შიდა მოთხოვნა ფასებზე ზეწოლის საყურადღებო ფაქტორს წარმოადგენს. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3.0%-ის გარშემო დასტაბილურდება. ამასთან, სებ-მა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა წინა 5.0%-დან. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე, რეგულატორის მიხედვით. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 18 ივნისს ჩატარდება.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 6.1%-ით შემცირდა და 4.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აპრილში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 4.8%-ით გაიზარდა (+207.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ზრდას (+42.9 მლნ აშშ დოლარი თ/თ), ასევე მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 მაისს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აპრილის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.8%-ს შეადგენს.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.