საქართველოში ტურიზმის დინამიკა მზარდია – 2025 წლის 9 თვეში ტურისტების რაოდენობა 7.9%-ით გაიზარდა და 4.3 მლნ ადამიანს მიაღწია. ბოლო წლების მსგავსად, საქართველოში ტურიზმის ზრდა დიდწილად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა. აზიურ ბაზრებთან ერთად, 2025 წლის 9 თვეში გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ტრადიციული ბაზრებიდანაც, განსაკუთრებით რუსეთიდან და ევროკავშირიდან, რაც პირდაპირი ფრენების დამატების შედეგია.
აჭარაში ტურიზმის ზრდა რუსეთიდან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების დადებითმა დინამიკამ განაპირობა. გალტ ენდ თაგარტის შეფასებით, რუსეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტურისტები აჭარაში ძირითადად აპარტამენტებზე ქმნიან მოთხოვნას, ხოლო ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტორები უპირატესობას სასტუმროებს ანიჭებენ – ძირითადად აზარტული თამაშების მიზნებისთვის. აღნიშნული ტენდენციები დადებითად აისახება როგორც სასტუმროების, ისე აპარტამენტების დატვირთულობასა და შემოსავლებზე.
აჭარის ტურიზმი დგას ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე:
1. აზარტული თამაშების ლეგალიზება რეგიონში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ზრდის კონკურენციას ტურიზმში.
2. 2029 წლისთვის ბათუმში მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების რაოდენობის გაორმაგებაა მოსალოდნელი, რაც ტურისტული ნაკადების წრაფი ტემპით ზრდას საჭიროებს.
რეკომენდაციები:
1. რეგიონში კონკურენციის ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობა პოტენციური ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად და ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაცია.
2. ბათუმში ტურისტების რაოდენობის სწრაფმა ზრდამ შესაძლოა ე.წ. overtourism-ის რისკი შექმნას, რისთვისაც არსებული ინფრასტრუქტურა მზად არ არის. ალტერნატიულად, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ტურიზმის წახალისება ციფრული ნომადების მოზიდვითა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებით.
 
													