ძირითადი მაჩვენებლები, ივლისი 2022
ტურიზმის აღდგენა საგრძნობლად დაჩქარდა 2022 წლის ივლისში – შემოსავლებმა თვიურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
საერთაშორისო ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ 597,887 ადამიანი შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 67.8%-ია, ხოლო წლიური ზრდა 158.9%. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების მატებით, რომლის აღდგენამ 2019 წლის 80.6% შეადგინა (წინა თვეში 64.1%-იან აღდგენასთან შედარებით). ასევე დაჩქარდა ერთდღიანი ვიზიტების ზრდა, რაც 2019 წლის დონის 44.3%-ს გაუტოლდა (წინა თვეში 33.3%-იანი აღდგენა). ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა (მთლიანის 26.2%), შემდეგ მოდის სომხეთი (17.4%) და თურქეთი (16.1%). ამასთან, ვიზიტორთა რაოდენობამ საუდის არაბეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, ინდოეთიდან და უზბეკეთიდან 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
ტურიზმიდან შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს – 476.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია 2022 წლის ივლისში, რაც 2,3-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 20.4%-ით 2019 წლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული მიგრანტების დანახარჯებს (რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან). ჩვენი შეფასებით, ამ ქვეყნებიდან დაახლოებით 120 ათასი ვიზიტორი იმყოფება საქართველოში უფრო ხანგრძლივი ვადით, ვიდრე რეგულარული ტურისტები. 2022 წლის ივლისში ტურიზმის შემოსავლების 24.4% რუსეთიდან დაგენერირდა, შემდეგ მოდის საუდის არაბეთი (9.3%), თურქეთი (9.2%), ბელაუსი (7.0%), ხოლო ევროკავშირიდან შემოსავალმა მთლიანი შემოსავლების 9.2% შეადგინა. ბოლო თვეების ძლიერი შემოსავლების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით ტურიზმის სრულ აღდგენას 2022 წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით.