ვიზიტორების დინამიკა: 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 7.0%-იანი ზრდაა. მათ შორის ტურისტების რაოდენობამ 1.3 მლნ (+10.7% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტორებმა 0.3 მლნ (-5.4% წ/წ). ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ინდოეთიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მე-2 კვარტალში ვიზიტორების ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა ისრაელ-ირანს შორის ივნისის ომის გავლენით, ისრაელიდან ვიზიტორთა ზრდის შენელებისა და ირანიდან შემცირებული ვიზიტების მიუხედავად.
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2.8მლნ შეადგინა (+4.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 2.3 მლნ (+6.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 0.5მლნ (+4.2% წ/წ) იყო.
შემოსავლები ტურიზმიდან: 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველომ 1.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 5.0%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (+26.0% წ/წ), რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. ამასთან, შემოსავლები შემცირდა რუსეთიდან (-20.5% წ/წ) და თურქეთიდან (-10.7% წ/წ). რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, ვიზიტორთა პროფილის ცვლილებას უკავშირდება – გრძელვადიანი ვიზიტორები (ციფრული ნომადები, მიგრანტები) შედარებით მოკლევადიანმა ჩაანაცვლა, რომელთა საშუალო დანახარჯიც მე-2 კვარტალში უფრო ნაკლები იყო.
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა, მე-2 კვარტლის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი 4.6 მლრდ დოლარია.