მიწოდება: 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდებამ 7.6 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 6.6 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 9.7% წ/წ), ხოლო 1.0 ტვტ.სთ (+13.0% წ/წ) იმპორტი იყო. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ. ამასთან, თბოსადგურსა და იმპორტს შორის არჩევანი ფასის მიხედვით გაკეთდა.
ადგილობრივი მოხმარება: 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.4%-ით გაიზარდა და 6.9 ტვტ.სთ შეადგინა.
ექსპორტი: 2025 წელს ექსპორტის სეზონი, ტრადიციულად მაისში დაიწყო. ბოლო 2 წელი ექსპორტი აპრილიდან ხდებოდა, რაც გამოწვეული იყო თურქეთში მაღალი ფასებით, თბოგენერაციის ზრდით და დაკლებული მოხმარებით. 2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.4 ტვტ.სთ-მდე (-41.4% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე (-4.0% წ/წ). შედეგად ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-43.8% წ/წ) და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სავაჭრო ბალანსი: 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო კვლავ ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი იყო როგორც რაოდენობაში, ასევე ღირებულებაში. 2025 წელის პირველ ნახევარში წმინდა იმპორტმა 6.1 მლნ აშშ დოლარი და 0.5 ტვტ. სთ შეადგინა.
ელექტროენერგიის ფასი საქართველოში: საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს უჭირავთ. დღით ადრე ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ მინიმალური იყო, თუმცა წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.