საერთაშორისო ფონდ Curatio-სა და Galt & Taggart-ს შორის თანამშრომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის შემდეგი დოკუმენტი (XIV ტალღა).

კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სექტორს აქვს ჭარბი სიმძლავრეები და ისინი ეფექტურად არ გამოიყენება: სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; ჯანდაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯები მუდმივად იზრდება და უკონტროლოა და სახელმწიფო ცდილობს მის დაბალანსებას სახელმწიფო ერთიანი ტარიფების შემოღებით. გარდა ამისა, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული მაღალი ბუნდოვანება ქმნის დაბრკოლებებს ინვესტიციების წახალისებისთვის და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო ან ოპერაციული სტრატეგიების შემუშავებას.

კვლევის შედეგების თანახმად, სახელმწიფო ხარჯების ზრდამ ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნა წაახალისა – 2014-2019 წლებში ამბულატორიული დაწესებულებების რაოდენობა 1.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო საავადმყოფოს საწოლების რაოდენობა 1.5-ჯერ. შედეგად, ახლა ჩვენ ვაწყდებით ჯანდაცვის ჭარბი ინფრასტრუქტურის და დაბალი ეფექტურობის პრობლემას. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დაკავებული, რითაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს უარყოფითად აისახება სექტორის ფინანსურ შედეგებზე.