ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 9.8%-ით გაიზარდა, რაც 0.5პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის პირველ 4 თვეში 9.1%-ით გაიზარდა.
სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის წლიურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (+28.6%), განათლება (+27.7%), უძრავი ქონება (+12.9%), სახელმწიფო მმართველობა (+11.0%), ვაჭრობა (+6.1%), ჯანდაცვა (+17.9%), ტრანსპორტი (+9.5%) და საფინანსო საქმიანობა (+8.7%). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში წლიური კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-5.1%) და სოფლის მეურნეობის (-4.6%) დარგებში.
ხელფასები: საქსტატის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.7%-ით გაიზარდა და 2,170 ლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 8.5%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, რეალური ხელფასი 8.8%-ით გაიზარდა.
სექტორების მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (5,515 ლარი, +22.0% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (4,163 ლარი, +5.2% წ/წ), პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები (2,976 ლარი, +11.3% წ/წ), მშენებლობა (2,909 ლარი, +10.8% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (2,889 ლარი, +36.6% წ/წ). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ტრადიციულად ფიქსირდება განათლების (1,341 ლარი, +19.1% წ/წ), წყალმომარაგების (1,368 ლარი, +10.6% წ/წ) და სოფლის მეურნეობის (1,474 ლარი, +11.8% წ/წ) დარგებში.
მონეტარული პოლიტიკა: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.0%-ზე დატოვა, რაც ასახავს ფრთხილ მიდგომას არაერთგვაროვანი ინფლაციური გარემოს პირობებში. სებ-ის შეფასებით, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩება, ხოლო საბაზო და მომსახურების სექტორის ინფლაცია 3.0%-ზე დაბალია და ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. რეგულატორის განმარტებით, ინფლაციაზე ძირითადი ზეწოლა სურსათის გაძვირებას უკავშირდება, თუმცა ამ ეფექტს ნაწილობრივ აბალანსებს იმპორტირებული პროდუქციის დეფლაცია. სებ-ის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3.0%-ის გარშემო დასტაბილურდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება.
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 11.6%-ით გაიზარდა და 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 6.1%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა გზავნილების გადმორიცხვამ ევროკავშირიდან (+16.4% წ/წ), აშშ-დან (+25.2% წ/წ) და ყირგიზეთიდან (+70.7% წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 1.8%-ით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.