ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2025 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 6.7%-ით გაიზარდა, რაც, მცირედით, 0.1პპ-ით ნაკლებია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. ჯამურად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ნომინალური მშპ 12.4%-ით გაიზარდა 104.6 მლრდ ლარამდე ($38.1 მლრდ) და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10,297 აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტორულ ჭრილში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (+28.7%), განათლება (+24.5%), სახელმწიფო მმართველობა (+9.3%), საფინანსო საქმიანობა (+12.9% წ/წ), ვაჭრობა (+3.8%), ტრანსპორტი (+8.9%), უძრავი ქონება (+5.0%) და გართობა და დასვენება (+12.3%).
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა 295.3 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 16.6%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+20.2%, მთლიანის 46.5%), აშშ-დან (+14.8%, მთლიანის 18.4%), რუსეთიდან (+18.8%, მთლიანის 12.2%), ისრაელიდან (+16.7%, მთლიანის 8.6%) და თურქეთიდან (+32.1%, მთლიანის 3.7%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა მხოლოდ ყაზახეთიდან (-5.4%, მთლიანის 2.0%).
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად 16.8%-ით გაიზარდა და 578.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 26.6%-მდე დაჩქარდა და 546.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 19.0%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 8.4%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 32.6%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, 2026 წლის თებერვალში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.4%-ით შემცირდა და 790.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის თებერვალში მანქანები (-25.5% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+147.5% წ/წ), ნავთობი (+687.9% წ/წ), ღვინო (+21.9% წ/წ) და თხილი (+97.3% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 8.7% ევროკავშირზე მოდიოდა (-6.5% წ/წ), 51.6% დსთ-ზე (-3.8% წ/წ) და 39.7% სხვა ქვეყნებზე (+147.3% წ/წ). ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-41.1% წ/წ), ნავთობი (+18.1% წ/წ), მედიკამენტები (+55.9% წ/წ), გაზი (-23.6% წ/წ) და ნედლი ნავთობი (+$34.1 მლნ წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 30.6%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 15.4%-ით შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ხელფასები: საქსტატის მიხედვით, 2025 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 2,466 ლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 10.4%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, რეალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა. სექტორების მიხედვით, 2025 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (4,373 ლარი, +9.1% წ/წ), მშენებლობა (3,939 ლარი, +17.2% წ/წ), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (3,748 ლარი, +11.1% წ/წ), სამთომოპოვებითი მრეწველობა (3,386 ლარი, +31.8% წ/წ) და პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები (3,385 ლარი, +3.9% წ/წ). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება განათლების (1,518 ლარი, +7.7% წ/წ), სოფლის მეურნეობის (1,633 ლარი, -3.8% წ/წ) და წყალმომარაგების (1,699 ლარი, +12.8% წ/წ) დარგებში.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წელს საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 15.8%-ით გაიზარდა და 2,283 ლარი შეადგინა.