სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, სურსათის ფასებისა და ინვესტიციების ინდიკატორებს და სისტემურად აფასებს სექტორის მდგომარეობას, ძირითად ტენდენციებს და განვითარების პოტენციალს. 2017-24 წლებში ინდექსის დინამიკა მთლიანობაში პოზიტიური იყო, რაც სექტორის ეტაპობრივ განვითარებაზე მიუთითებს. საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგენდა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების მატებაა. ამასთან, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა 2025 წელს. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს. ძირითადი აგროპროდუქტებისხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელებისერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3.0 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს. საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია. მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება. მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის. სექტორის ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავე დროს, ექსპორტი კვლავ რამდენიმე ძირითად პროდუქტსა და ბაზარზეა კონცენტრირებული, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს. პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ბიზნესის როლის გაძლიერება, მიწის კონსოლიდაცია, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითადი წინაპირობებია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო მხარდაჭერაც, მათ შორის საინვესტიციო და აგროკრედიტის პროგრამები. ჯამში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაცია.