საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 26.5%-მდე დაჩქარდა და 545.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 19.0%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 8.3%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 32.6%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, 2026 წლის თებერვალში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.4%-ით შემცირდა და 790.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 30.6%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 15.4%-ით შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, წინა წლის 18.6%-იანი კლების შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის 15.3%-იანმა ზრდამ 601.8 მლნ აშშ დოლარამდე განაპირობა, რომელსაც მოჰყვება რეინვესტიციების 3.8%-იანი ზრდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე. ამასთან, თითქმის წინა წლის მსგავსად, 2025 წელს ადგილი ჰქონდა სავალო ვალდებულებების შემცირებას 310.9 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო (607.0 მლნ აშშ დოლარი, +4.7%), უძრავი ქონება (185.7 მლნ აშშ დოლარი, +2.1%), ტრანსპორტი (166.1 მლნ აშშ დოლარი, +57.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (161.3 მლნ აშშ დოლარი, -12.2%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (115.2 მლნ აშშ დოლარი, +77.1%), ენერგეტიკა (111.0 მლნ აშშ დოლარი, +16.3%) და მშენებლობა (95.7 მლნ აშშ დოლარი, +553.6%).
ამასთან, 2025 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (334.2 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 19.8%), თურქეთი (180.8 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 10.7%), მალტა (173.7 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 10.3%), აშშ (158.1 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 9.4%) და აზერბაიჯანი (143.9 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 8.5%).