ინფლაცია: 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-მდე შენელდა, წინა თვეში არსებული 4.8%-დან. ინფლაციის წლიური დონის შენელება ძირითადად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების წლიური ზრდის ტემპის 6.5%-მდე (7.0% წ/წ წინა თვეში) შენელებამ განაპირობა, რომელსაც მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასების -0.7%-იანი კლება (-0.1% წ/წ წინა თვეში). ამასთან, შერეული საქონლის ფასების წლიური ზრდა 6.2%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 5.5%-იანი ზრდის შემდეგ. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.4%-მდე გაიზარდა 2026 წლის თებერვალში წინა თვის 2.1%-იანი ზრდის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+9.5% წ/წ, +3.20პპ), ჯანდაცვა (+5.9% წ/წ, +0.50პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.3% წ/წ, +0.28პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.2% წ/წ, +0.23პპ), დასვენება, გართობა, კულტურა (-2.1% წ/წ, -0.08პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.7% წ/წ, -0.15პპ), და კავშირგაბმულობა (-4.6% წ/წ, -0.15პპ).
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის თებერვალში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 57.3%-ით გაიზარდა და რეკორდული დონე 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვალში რეზერვები წინა თვესთან შედარებით, ასევე, 5.7%-ით გაიზარდა (+358.9 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+55.2 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 18.0%-ს შეადგენს.