ინფლაცია: 2026 წლის იანვარში  წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, წინა თვეში არსებული 4.0%-დან. ინფლაციის წლიური დონის დაჩქარება განაპირობა ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების და შერეული საქონლის ფასების წლიური ზრდის ტემპების დაჩქარებამ, შესაბამისად, 7.0%-მდე (6.2% წ/წ წინა თვეში) და 5.5%-მდე (4.1% წ/წ წინა თვეში). ამასთან, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 0.1%-ით შემცირდა, წინა თვის 0.2%-იანი კლების შემდეგ. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.1%-მდე გაიზარდა 2026 წლის იანვარში წინა თვის 1.6%-იანი ზრდის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.6% წ/წ, +3.55პპ), ჯანდაცვა (+8.3% წ/წ, +0.68პპ), სასტუმროები და რესტორნები (+8.1% წ/წ, +0.26პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.5% წ/წ, +0.23პპ),  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1.8% წ/წ, -0.08პპ), დასვენება, გართობა, კულტურა (-2.5% წ/წ, -0.10პპ) და კავშირგაბმულობა (-4.6% წ/წ, -0.15პპ).
ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2026 წელს.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 42.0%-ით გაიზარდა და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 2.3%-ით გაიზარდა (+140.9 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+140.9 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25  თებერვალს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 18.1%-ს შეადგენს.

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.