პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წლის მე-2 კვარტალში წლიურად 9.1%-ით გაიზარდა 351.8 მლნ აშშ დოლარამდე და მშპ-ის 5.8% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკის სექტორი (76.6 მლნ აშშ დოლარი, +14.5% წ/წ), უძრავი ქონება (75.6 მლნ აშშ დოლარი, +178.9% წ/წ), საფინანსო სექტორი (47.6 მლნ აშშ დოლარი, -67.9% წ/წ). უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (64.7 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (44.8 მლნ აშშ დოლარი) და იაპონია (41.8 მლნ აშშ დოლარი).
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 4.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვების ზრდამ 2.5% (+104.0 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. რეზერვების ცვლილება უკავშირდება სებ-ის სავალუტო აუქციონებს და/ან მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს.