ინფლაცია: 2025 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 4.0%-მდე შენელდა, წინა თვეში არსებული 4.8%-დან. ინფლაციის წლიური შენელება ძირითადად შერეული საქონლის ფასების წლიური ზრდის ტემპის 4.1%-მდე შენელებამ განაპირობა (5.8% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასების წლიური 0.2%-იანი კლება (0.8% წ/წ წინა თვეში) და ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის, მცირედით, 6.2%-მდე შენელება (+6.4% წ/წ წინა თვეში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 1.6%-მდე შენელდა 2025 წლის დეკემბერში წინა თვის 2.3%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+8.8% წ/წ, +2.98პპ), ჯანდაცვა (+7.0% წ/წ, +0.56პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.4% წ/წ, +0.28პპ), სასტუმროები და რესტორნები (+6.9% წ/წ, +0.21პპ).
2025 წელს, საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. 2026 წელს კი, ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 38.4%-ით გაიზარდა და 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. დეკემბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 5.9%-ით გაიზარდა (+342.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+40.6 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 26 იანვარს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.3%-ს შეადგენს.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.9% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.
საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7% შეადგენდა. აღნიშნული დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება, ჩვენი შეფასებით.