ვიზიტორების დინამიკა: 2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს 2.5 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 6.8%-იანი ზრდაა. მათ შორის ტურისტების რაოდენობამ 2.0 მლნ (+9.0% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტორებმა 0.5 მლნ (-1.4% წ/წ). ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის ისრაელიდან და ჩინეთიდან. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, სომხეთიდან, ინდოეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება. ხოლო, ინდოეთიდან ვიზიტორების კლება, რომელიც პირველად დაფიქსირდა ბოლო პერიოდში, შესაძლოა ასახავდეს ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებას – ვიზიტორთა რაოდენობიდან ხარჯვითუნარიანობაზე.
ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.3მლნ შეადგინა (+5.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 4.3 მლნ (+7.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 1.0 მლნ (-2.9% წ/წ) იყო.
შემოსავლები ტურიზმიდან: 2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველომ 1.7 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი წყარო იყო ისრაელი (+28.0% წ/წ), შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები (+13.3% წ/წ), აზერბაიჯანი (+36.3% წ/წ) და აზიური ბაზრები, რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ ბაზრიდან ტურიზმის შემოსავალი 2.7%-ით შემცირდა, ხოლო ირანიდან ვიზიტორთა მნიშვნელოვანი კლების პარალელურად, ამ ბაზრიდან ტურიზმის შემოსავალი მხოლოდ 1.2%-ით შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ტურიზმის შემოსავლები გაიზარდა 2025 წლის მე-3 კვარტალში.
ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (+5.1% წ/წ). მე-3 კვარტლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტმა 2025 წლის ტურიზმის შემოსავლის პროგნოზი 4.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა. 2026 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, გალტ ენდ თაგარტის მოლოდინით.