ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში რეალური მშპ წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 6.6%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.7%-ით გაიზარდა. სექტემბრის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტი და დასაწყობების, ინფორმაცია და კომუნიკაციის და პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 13.7%-ით გაიზარდა 2025 წლის სექტემბერში  და საკრედიტო პორტფელმა 67.5 მლრდ ლარი (24.9 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სექტემბერში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 13.3% შეადგინა (+0.9% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 14.9% იყო; 2025 წლის სექტემბერში სესხების დოლარიზაციამ 42.2% შეადგინა (-0.18პპ თ/თ და -1.67პპ წ/წ). 
2025 წლის სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 13.6%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 65.6 მლრდ ლარი (24.1 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.6%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, სექტემბერში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 12.7%-მდე დაჩქარდა (+8.1% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 14.6% იყო (+15.3% წინა თვეში). სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 49.2% შეადგინა (-0.48პპ თ/თ და +0.45პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 100 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2025 წლის სექტემბერში.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.