ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 9.8%-ით შემცირდა და 4.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მარტში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.8%-ით გაიზარდა (+76.8 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+64.4 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აპრილს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ს შეადგენს.