ტურიზმი: 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 2.5 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 9.0%-იანმა ზრდამ განაპირობა (80.9% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 1.4%-ით შემცირდა. ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+13.9% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა ევროკავშირიდან (+16.7% წ/წ), აზერბაიჯანიდან (+33.2% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება), ისრაელიდან (+18.2% წ/წ) და ჩინეთიდან (+47.4% წ/წ). ამასთან, ვიზიტორთა შემცირება ირანიდან (-33.7% წ/წ), სომხეთიდან (-4.4% წ/წ) და თურქეთიდან (-1.4% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში. ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.7%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (39.5%-იანი წილი).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5.3 მლნ მოგზაურს (+5.6% წ/წ)  უმასპინძლა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 4.3 მლნ (+7.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანმა ვიზიტებმა 1.0 მლნ (-2.9% წ/წ) შეადგინა.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი 703.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქონლის იმპორტი, მცირედით, წლიურად 0.3%-ით შემცირდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.4%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.0%-ით შემცირდა 737.3 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა და 13.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 12.1%-ით გაიზარდა 317.8 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 10.7%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+12.1%, მთლიანის 47.3%), აშშ-დან (+21.7%, მთლიანის 18.8%), რუსეთიდან (+10.2%, მთლიანის 12.4%), ისრაელიდან (+12.6%, მთლიანის 7.3%) და თურქეთიდან (+14.3% წ/წ, მთლიანის 3.2%). ამასთან, სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყირგიზეთიდან (-6.3%, მთლიანის 2.7%) და ყაზახეთიდან (-6.1%, მთლიანის 2.4%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 6.4%-ით გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენი განახლებული პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს (წინა პროგნოზი 3.5 მლრდ აშშ დოლარი იყო).