საშუალო თვიური ხელფასი: საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.5%-ით გაიზარდა 1,971 ლარამდე. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, მედიანური თვიური ხელფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა (რეალური ზრდა 6.4%-ია) და 1,332 ლარი შეადგინა, რაც 32.4%-ით ნაკლებია საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით.
სექტორების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მაღალი მედიანური თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა (2,128 ლარი, +13.3% წ/წ), სამთომოპოვებითი მრეწველობა (2,069 ლარი, +21.3% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (1,983 ლარი, +1.2% წ/წ), მშენებლობა (1,943 ლარი, +7.3% წ/წ) და ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (1,919 ლარი, +13.1% წ/წ). ამასთან, 2024 წელს, ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება განათლების (969 ლარი, +16.0% წ/წ) და წყალმომარაგების (987 ლარი, +15.4% წ/წ) დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.0%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 9.0%-ით 2026 წელს.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 15.2%-ით გაიზარდა და 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 4.3%-ით გაიზარდა (+224.0 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ცვლილებას (+90.9 მლნ აშშ დოლარი თ/თ), მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ოქტომბერს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების  16.2%-ს შეადგენს.

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 470 მლნ აშშ დოლარი (უცვლელი წ/წ) შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+2.8% წ/წ), ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.