ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 7.3%-ით გაიზარდა, რაც 0.2პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის იანვარ-ივლისში 8.1%-ით გაიზარდა.
სექტორულ ჭრილში, მეორე კვარტლის წლიურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (+37.1%), განათლება (+28.9%), ხელოვნება, გართობა (+16.0%), სახელმწიფო მმართველობა (+9.1%), საფინანსო საქმიანობა (+11.8%), ჯანდაცვა (+14.3%), სასტუმროები და რესტორნები (+8.4%). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, წლიური კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-7.0%), მშენებლობის (-2.6%) და სოფლის მეურნეობის (-2.5%) დარგებში.

ხელფასები: საქსტატის მიხედვით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.3%-ით გაიზარდა და 2,212 ლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 11.7%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, რეალური ხელფასი 6.5%-ით გაიზარდა.
სექტორების მიხედვით, 2025 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (4,177 ლარი, +5.4% წ/წ), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (3,732 ლარი, +2.5% წ/წ) და მშენებლობა (3,468 ლარი, +17.7% წ/წ). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება განათლების (1,367 ლარი, +19.3% წ/წ), წყალმომარაგების (1,428 ლარი, +14.4% წ/წ) და სოფლის მეურნეობის (1,506 ლარი, +3.9% წ/წ) დარგებში.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში საქონლის ექსპორტი წლიურად 5.9%-ით შემცირდა 603.0 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 10.8%-იანი კლების შემდეგ. ასევე, საქონლის იმპორტი წლიურად 6.9%-ით შემცირდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (-3.6% წ/წ წინა თვეში). შედეგად, აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.7%-ით შემცირდა 752.4 მლნ აშშ დოლარამდე.
2025 წლის აგვისტოში მანქანები (-12.6% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+18.0% წ/წ), ფეროშენადნობები (+63.2% წ/წ), სპირტიანი სასმელები (-4.5% წ/წ) და ღვინო (-9.5% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 12.4% ევროკავშირზე მოდიოდა (+58.2% წ/წ), 73.0% დსთ-ზე (-8.7% წ/წ) და 14.6% სხვა ქვეყნებზე (-21.0% წ/წ).
2025 წლის აგვისტოში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-30.4% წ/წ), ნავთობი (+7.0% წ/წ), მედიკამენტები (+14.5% წ/წ), ტელეფონები (-7.2% y/y) წ/წ) და გაზი (-1.6% წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 7.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა 4.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა და 11.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 5.2%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურად 4.2%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილები წლიურად 10.7%-ით გაიზარდა 321.5 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 13.0%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.7%, მთლიანის 46.9%), აშშ-დან (+16.8%, მთლიანის 18.4%), ყირგიზეთიდან (+41.3%, მთლიანის 3.5%) და ისრაელიდან (+12.7%, მთლიანის 7.0%). ამასთან, აგვისტოში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-2.9%, მთლიანის 12.9%) და ყაზახეთიდან (-0.5%, მთლიანის 2.8%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ფულადი გზავნილები წლიურად 5.7%-ით გაიზარდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.