საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი წლიურად 10.3%-ით გაიზარდა და 639.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 15.7%-იანი ზრდის შემდეგ. ასევე, საქონლის იმპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 1.8%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, ივნისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 6.2%-ით შემცირდა 733.3 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.6%-ით გაიზარდა და 5.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა 3.2 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 6.2%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.8%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-ივნისში.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 12.2%-ით გაიზარდა 315.5 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 11.6%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+17.7%, მთლიანის 46.1%, რომელზეც პოზიტიურად იმოქმედა ევროს გაცვლით კურსის გამყარებამ აშშ დოლარის მიმართ), აშშ-დან (+23.0%, მთლიანის 18.6%), ისრაელიდან (+23.1%, მთლიანის 7.6%), ყირგიზეთიდან (+82.3%, მთლიანის 3.0%) და თურქეთიდან (+13.2%, მთლიანის 2.9%). ამასთან, ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-15.9%, მთლიანის 13.0%) და ყაზახეთიდან (-36.9%, მთლიანის 2.2%).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც გაზრდილია წინა პროგნოზიდან (3.4 მლრდ აშშ დოლარი).