ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მაისში რეალური მშპ, წინა თვის მსგავსად, 7.5%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და მშენებლობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის დარგში.
საქსტატის მიერ 2025 წლის პირველი კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის მიმართულებით დაკორექტირების გათვალისწინებით, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზი 7.5%-მდე გავზარდეთ წინა 6.8%-დან (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

ინფლაცია: 2025 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 4.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 3.5%-ის შემდეგ. ივნისის ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 5.2%-იანმა ზრდამ (+4.9% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 7.2%-იანი ზრდა (+5.8% წ/წ წინა თვეში). საპირისპიროდ, წინა თვის მსგავსად, იმპორტირებული საქონლის ფასების წლიურად 2.0%-მა შემცირებამ, გარკვეულწილად, გაანეიტრალა დამატებითი ზეწოლა ფასების საერთო დონეზე. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2025 წლის ივნისში 2.2%-მდე გაიზარდა (+2.0% წ/წ წინა თვეში).
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.1% წ/წ, +3.34პპ), ჯანდაცვა (+9.4% წ/წ, +0.79პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.6%, +0.30პპ), განათლება (+4.6% წ/წ, +0.24პპ) და სასტუმროები და რესტორნები (+6.0%, +0.19პპ), კავშირგაბმულობა (-13.0% წ/წ, -0.48პპ) და ტრანსპორტი (-5.3% წ/წ, -0.64პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის ივნისში ფასების საერთო დონე არ შეცვლილა, რადგან ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს (+2.2% წ/წ, +0.14პპ) სექციაში ფასები ზრდა, თითქმის სრულად გაანეიტრალა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (-0.4% თ/თ, -0.15პპ) კატეგორიაში ფასების კლებამ.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში მიმდინარე ანგარიში დეფიციტი 8.5%-მდე გაიზარდა მშპ-ის მიმართ, რაც ძირითადად 481 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სურათების/ნახატების იმპორტის გამო იყო გამოწვეული. ამ ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის დეციფიტმა მშპ-ის მიმართ მხოლოდ 2.3% შეადგინა აღნიშნულ პერიოდში, რაც მნიშვნელოვანი წლიური გაუმჯობესებაა (4.4% იყო 2024 წლის I კვარტალში). 2025 წლის I კვარტალში საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსი წლიურად 15.1%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 5.5%-ით, ხოლო იმპორტი 10.0%-ით (ერთჯერადი იმპორტის ჩათვლით) გაიზარდა. ვაჭრობის ბალანსის უარყოფითი გავლენა ნაწილობრივ გაანეიტრალა მომსახურების დადებითი ბალანსის 15.8%-მა ზრდამ, რაზეც დადებითად იმოქმედა ICT შემოსავლების 57.3%-იამა ზრდამ 300 მლნ აშშ დოლარამდე, რასაც მოჰყვება ტრანსპორტი (+4.4% წ/წ, 386.3 მლნ აშშ დოლარი) და ტურიზმი (+2.3% წ/წ, 826.0 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, ტრანსფერტების ბალანმა 843 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-3.6% წ/წ), ხოლო შემოსავლების უარყოფითი ბალანსი 537.5 მლნ აშშ დოლარს (+52.8% წ/წ) გაუტოლდა 2025 წლის I კვარტალში.
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2025 წელს (2024 წელს 4.5% იყო).