საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 15.9%-ით გაიზარდა და 580.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 41.1%-იანი ზრდის შემდეგ. საპირისპიროდ, საქონლის იმპორტი წლიურად 5.1%-ით შემცირდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 0.9%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, მაისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 16.6%-ით შემცირდა 760.8 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.8%-ით გაიზარდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 14.6%-ით გაიზარდა 2.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 12.8%-ით გაიზარდა და 7.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურ ჭრილში არ შეცვლილა 2025 წლის იანვარ-მაისში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 7.7%-ით შემცირდა და 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება განაპირობა სააქციო კაპიტალის წლიურმა 28.8%-იანმა შემცირებამ 62.1 მლნ აშშ დოლარამდე, რომელსაც მოჰყვება სავალო ვალდებულებების შემცირება 32.8 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, რეინვესტიციები წლიურად 116.6%-ით გაიზარდა 150 მლნ აშშ დოლარამდე, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.6%-ია.
2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა (70.2 მლნ აშშ დოლარი, -10.8% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (52.3 მლნ აშშ დოლარი, +189.3% წ/წ), დამამუშავებელი მრეწველობა (27.5 მლნ აშშ დოლარი, -1.5% წ/წ) და მშენებლობა (20.5 მლნ აშშ დოლარი, +24.5 მლნ აშშ დოლარი წ/წ).
პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ჩეხეთი (43.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (39.6 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (28.1 მლნ აშშ დოლარი).

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+1.2% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.