უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7% შეადგინა, რაც იხსნება თვითდასაქმებულთა შემცირებითა და სამუშაო ძალის ზრდით. აღნიშნულ პერიოდში სამუშაო ძალა წლიურად 0.2%-ით გაიზარდა და 1,634 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 1,394 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული (-0.5% წ/წ), ხოლო 239.4 ათასი უმუშევარი (+4.7% წ/წ).
2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 0.6%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 68.7% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულები წლიურად 3.0%-ით შემცირდა.
ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონე 13.5%-მდე შემცირდება 2025 წელს.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აპრილში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 41.1%-მდე დაჩქარდა და 616.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. საპირისპიროდ, საქონლის იმპორტი წლიურად 3.6%-ით შემცირდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 17.3%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, აპრილში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 22.9%-ით შემცირდა 782.5 მლნ აშშ დოლარამდე.
2025 წლის აპრილში მანქანები (+90.7% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+588.6% წ/წ), ღვინო (-48.6% წ/წ), სპირტიანი სასმელები (-4.7% წ/წ) და მინერალური წყლები (+4.6% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 12.5% ევროკავშირზე მოდიოდა (+154.4% წ/წ), 71.7% დსთ-ზე (+39.4% წ/წ) და 15.8% სხვა ქვეყნებზე (+8.7% წ/წ).
2025 წლის აპრილში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-12.7% წ/წ), ნავთობი (-28.5% წ/წ), მედიკამენტები (-13.2% წ/წ), ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ძრავები (+30.4 მლნ აშშ დოლარი წ/წ) და გაზი (+48.0% წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 16.4%-ით გაიზარდა და 3.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა 2.0 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 5.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა 2025 წლის აპრილში, წინა თვეში არსებული 5.5%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+3.8%), ელექტროენერგიის მიწოდების (+10.1%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+15.0%) სექციებში.