მიწოდება: 2025 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის მიწოდებამ 11.5 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 10.4 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 8.6% წ/წ), ხოლო 1.1 ტვტ.სთ (+129.3% წ/წ) იმპორტი იყო. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ. ამასთან, 2025 წლის მესამე კვარტალში ოპერირება დაიწყო სამმა მზის ელექტროსადგურმა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-მდეა.
ადგილობრივი მოხმარება: 2025 წლის პირველ 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.2%-ით გაიზარდა და 10.6 ტვტ.სთ შეადგინა.
ექსპორტი: 2025 წელს ექსპორტის სეზონი, მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. 2025 წლის 9 თვეში ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.5 ტვტ.სთ-მდე (-51.1% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტამდე (-1.8% წ/წ). შედეგად, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები განახევრდა (-52.0% წ/წ) და 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სავაჭრო ბალანსი: 2025 წლის 9 თვეში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი იყო როგორც რაოდენობაში, ასევე ღირებულებაში. ამ პერიოდში წმინდა იმპორტმა 7.8 მლნ აშშ დოლარი და 0.6 ტვტ. სთ შეადგინა.
ელექტროენერგიის ფასი საქართველოში: საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს ეჭირათ.
მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურების მარეგულირებელი გარემო შეიცვალა. ნეტო აღრიცხვა შეიცვალა ნეტო დარიცხვის მექანიზმით და მიკრო სიმძლავრის სადგურების განმარტება შემცირდა 100 კვტ-მდე 500 კვტ-დან.
მთავრობამ 50-მდე ელექტროსადგურს მემორანდუმი გაუუქმა. ეს არის განახლებული პოლიტიკის პირველი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე პროექტების ნუსხის გაჯანსაღებას.