საქართველოში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის ობიექტების მმართველმა ჰოლდინგმა GGU-მ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin 300 მილიონი აშშ დოლარის „მწვანე ობლიგაციების“ სახით განათავსა.

GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც 2024 წლის მაისსა და ივნისში საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის აქტივობის შენელების შემდეგ ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები ხელახლა გახსნა. ექვსწლიანი მწვანე ობლიგაციების შემოსავლიანობა 8.875%-ზე განისაზღვრა, ხოლო გამოშვებისა და განთავსების ფასი ნომინალური ღირებულების 100%-ზე. უცხოელი და ქართველი ინვესტორების ინტერესი გამოშვების მოცულობას დაახლოებით 60%-ით აღემატებოდა.

ტრანზაქციის განთავსების მთავარი მენეჯერი J.P. Morgan-ია. თანამმართველი საინვესტიციო ბანკები არიან TBC Capital და Galt & Taggart. Latham & Watkins, Baker & McKenzie LLP, BLC Law Office და Dentons ტრანზაქციაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიული მრჩევლები იყვნენ, ხოლო EY აუდიტორის როლს ასრულებდა.

ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება კომპანიის სტრატეგიულ მწვანე პროექტებს, ხოლო შემოსავალი გამოყენებული იქნება ახალი მწვანე კაპიტალური ინვესტიციების დასაფინანსებლად და არსებული ვალდებულებების დასაფარად. GGU-ს მწვანე დაფინანსების ჩარჩო დაამტკიცა DNV-მ, წამყვანმა ESG კვლევითმა და ანალიტიკურმა კომპანიამ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ ჩვენი მეორე საჯარო მწვანე ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ. GGU არის პირველი კერძო კომპანია საქართველოში, რომელმაც 2020 წელს მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას და, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი ჩვენი ერთგულებით, ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც წამყვანი კომპანიის სტატუსს. ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებისთვის, ასევე წყალმომარაგების სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დასაფინანსებლად. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ პროფილს და ლიკვიდურობას, რაც დაგვეხმარება ჯანსაღი და მდგრადი ბიზნესის განვითარებაში.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მათი მხარდაჭერისთვის – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აზიის განვითარების ბანკს (ADB) და გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს (DEG)“, – განაცხადა GGU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

„ტრანზაქციის მოცულობა, ფასი და ინვესტორთა ბაზა GGU-ს ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა და მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალის დასტურია. კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია საცალო ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. მოხარული ვარ, რომ Galt & Taggart აქტიურად იყო ჩართული ასეთი მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა ქეთევან თოიძემ, Galt & Taggart-ის დირექტორის მოადგილემ, ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.

„ვულოცავთ GGU-ს მისი მწვანე ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა და განთავსებას, რამაც საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხარული ვართ, რომ TBC Capital იყო კომპანიის მეორე და პირველი მწვანე ევრობონდების თანამენეჯერი. მეორე მწვანე ობლიგაციების საერთაშორისო ბაზარზე განთავსება ხაზს უსვამს GGU-ს გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული ფინანსური რესურსები არა მხოლოდ გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიციატივისა და პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მერი ჩაჩანიძემ, TBC Capital-ის მმართველმა დირექტორმა.

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მონაცემებით, GGU-ს რეიტინგი BB- (სტაბილური პერსპექტივა) აქვს, ხოლო S&P Global-ის მონაცემებით – BB- (Creditwatch Positive).

Georgia Global Utilities (GGU) არის კომპანია, რომელიც მართავს თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებსა (GWP) და ენერგეტიკულ ობიექტებს. GGU ასევე ფლობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 149 მგვტ.სთ-ია, მათ შორის ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე წყალსაცავის ჰიდროელექტროსადგურია. 2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილი ესპანურ კომპანია FCC Aqualia-ს ეკუთვნის, რომელიც ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, ხოლო 20%-იანი წილი საინვესტიციო ჰოლდინგ „Georgian Capital“-ს ეკუთვნის.