ინფლაცია: 2025 წლის მაისში წლიური ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 3.4%-ის შემდეგ. მაისის ინფლაცია ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 4.9%-იანმა ზრდამ (+4.7% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 5.8%-იანი ზრდა (+5.0% წ/წ წინა თვეში). საპირისპიროდ, მაისში იმპორტირებული საქონლის ფასების წლიური შემცირება კიდევ უფრო გაღრმავდა და -2.0% შეადგინა (-1.0% წ/წ წინა თვეში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2025 წლის მაისში 2.0%-მდე შენელდა (+2.3% წ/წ წინა თვეში).
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+8.3% წ/წ, +2.82პპ), ჯანდაცვა (+9.0% წ/წ, +0.75პპ), განათლება (+4.9% წ/წ, +0.25პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.3%, +0.22პპ) და სასტუმროები და რესტორნები (+6.0%, +0.20პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.3% წ/წ, -0.13პპ), კავშირგაბმულობა (-12.8% წ/წ, -0.47პპ) და ტრანსპორტი (-4.5% წ/წ, -0.54პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის მაისში 0.4%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+1.6% თ/თ, +0.51პპ) და ტრანსპორტის (-1.1% თ/თ, -0.12პპ) ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.5%-ით გაიზარდა (+66.7 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივნისს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%-ს შეადგენს.