ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ Galt & Taggart-ი 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა საქართველოში.

Galt & Taggart-მა ჯილდო Euromoney-ის Awards For Excellence-ის ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ ჯილდოში მთელი მსოფლიოდან ბანკები მონაწილეობენ და გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვა. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ შესწავლასა და სექტორის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულები განისაზღვრება საინვესტიციო ბანკის საბაზრო წილით, ტრანზაქციების რაოდენობითა და მოცულობით, მათი რეპუტაციით ბაზარზე, კონკურენტუნარიანობით, მომსახურების ხარისხითა და ინოვაციებით.

„მოხარულები ვართ, რომ Euromoney-მ Galt & Taggart-ი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ეს აღიარება Galt & Taggart-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და ინოვაციების საფუძველზე მიენიჭა. მათ შორისაა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ჩვენ EBRD-თან და ევროკავშირთან ერთად განვახორციელეთ, კორპორატიული ობლიგაციების 50%-ზე მეტის განთავსება და პირველი ESG ობლიგაცია ადგილობრივ ბაზარზე. ასევე აღსანიშნავია კერძო კაპიტალის და სეკურიტიზაციის პროექტები, რომლებიც ჩვენ USAID-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით. რაც შეეხება ინიციატივებს, ამ მხრივ საკმაოდ აქტიურები ვიყავით, მათ შორის საბროკერო მიმართულებით. ეს ინიციატივები მოიცავს GT Trader მობილური აპლიკაციის განახლებას, რამაც მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერებად გახდომა, როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. ასევე აღსანიშნავია საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც არის პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის ფინანსურ მიზნებზე. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის შექმნისთვის. „ჩვენ ვამაყობთ ამ წარმატებით და აქტიურად ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტის შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ კოკოსაძემ.

ჯილდოს შესახებ:

„Euromoney“-ის ჯილდოები ბრწყინვალებისთვის 1992 წელს დაარსდა და გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში პირველი ჯილდოა. წელს „Euromoney“-მ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის განაცხადი მიიღო – 124 ქვეყნიდან 1900-ზე მეტი განაცხადი.