უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 13.3%-მდე შემცირდა. შედეგად, უმუშევრობის დონემ 2025 წელს 13.9% შეადგინა, რაც უცვლელია წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად, მცირედით, 0.1%-ით გაიზარდა 961.1 ათას კაცამდე და მთლიანი დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულები წლიურად 3.4%-ით შემცირდა. ამასთან, 2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5% შეადგინა, რაც შეიძლება მიუთითებდეს სამუშაო ძალიდან გარკვეული ნაწილის ეკონომიკურად არააქტიურ სტატუსში გადასვლაზე.
ფულადი გზავნილები:სებ-ის მიხედვით, 2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 282.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის წლიური 19.3%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+18.3%, მთლიანის 47.2%), აშშ-დან (+10.0%, მთლიანის 18.4%), რუსეთიდან (+31.6%, მთლიანის 11.9%), ისრაელიდან (+15.7%, მთლიანის 8.7%) და თურქეთიდან (+26.2% წ/წ, მთლიანის 3.4%).
ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი წლიურად 19.0%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 22.5%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 33.7%-ით შემცირდა 1.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ძირითადად იხსნება გასული წლის იანვარში დაფიქსირებული 481 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სურათები/ნახატების ერთჯერადი იმპორტით (აღნიშნული იმპორტის გამორიცხვით, საქონლის იმპორტის წლიური კლება 7.7% იყო). შედეგად, 2026 წლის იანვარში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 50.1%-ით შემცირდა და 649.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის წლიური 3.5%-იანი ზრდის შემდეგ.
2026 წლის იანვარში მანქანები (-22.5% წ/წ), ნავთობი (+401.5% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+436.5% წ/წ), სპილენძი (+73.2% წ/წ) და ალკოჰოლური სასმელები (+20.7% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 16.1% ევროკავშირზე მოდიოდა (+45.4% წ/წ), 46.7% დსთ-ზე (-13.4% წ/წ) და 37.2% სხვა ქვეყნებზე (+95.3% წ/წ).
2026 წლის იანვარში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-39.5% წ/წ), ნავთობი (-10.1% წ/წ), გაზი (+7.4% წ/წ), მედიკამენტები (-9.5% წ/წ) და რკინის ან არალეგირებული ფოლადის წნელები (+117.8% წ/წ).
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა 2026 წლის იანვარში, წინა თვეში არსებული 6.1%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი (+4.7%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+36.4%) სექციებში.