2025 წლის სუსტმა დასაწყისმა ბაზარზე ნეგატიური მოლოდინები გააჩინა, თუმცა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის წელი მოთხოვნის აღდგენითა და ფასის დასტაბილურებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები კვლავ შენარჩუნდა. წლის დასაწყისში, ქვეყანაში არსებულმა შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მყიდველთა ნაწილს შესყიდვის გადავადებისკენ უბიძგა, რამაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეასუსტა. თუმცა, ამ პერიოდში დაგროვილი მოთხოვნა წლის მეორე ნახევარში რეალიზდა. შედეგად, გაყიდვები 2025 წელს 2023-24 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა კვლავ ჩამორჩებოდა 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. მიწოდების მხარეს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს 2015-22 წლების ნიშნულს. 2025 წელს, გაზრდილმა კონკურენციამ ფასის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვია და დეველოპერებს შიდა განვადების სქემების მაქსიმალურად დახვეწისკენ უბიძგა.

2026 წელს, ჩვენი მოლოდინია, რომ მოთხოვნა 2025 წლის დონესთან ახლოს შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს ფუნდამენტური ფაქტორები – ურბანიზაცია, ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ქირის მაღალი ამონაგები. ჩვენი მოლოდინით, უძრავი ქონების ფასებზე ერთნიშნა ზრდა გაგრძელდება და მეტწილად დამოკიდებული იქნება მიწოდების მხარეს ცვლილებებზე. დაგეგმილი მსხვილი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და გაცემული ნებართების მოცულობის მაღალ დონეზე შენარჩუნებამ შესაძლოა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები გაზარდოს და ფასის ზრდა გაართულოს.