ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში რეალური მშპ წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. აგვისტოს ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

ინფლაცია: 2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში არსებული 4.6%-ის შემდეგ. სექტემბრის ინფლაციაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია ადგილობრივ ინფლაციას ჰქონდა, რომელიც წლიურად 6.3%-ით გაიზარდა (+6.6% წ/წ წინა თვეში), შემდეგ მოდის შერეული საქონლის ინფლაცია, რომლის წლიური ზრდის ტემპი 7.8%-მდე დაჩქარდა (6.3% წ/წ წინა თვეში). საპირისპიროდ, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 1.1%-ით შემცირდა სექტემბერში. საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.1%-მდე შენელდა 2025 წლის სექტემბრში წინა თვის 2.8%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+11.9% წ/წ, +3.89პპ), ჯანდაცვა (+9.0% წ/წ, +0.76პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.1% წ/წ, +0.26პპ), ტრანსპორტი (-2.1% წ/წ, -0.26პპ) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-3.7% წ/წ, -0.21პპ).
ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.7%-ის, ხოლო 2026 წელს 2.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის მე-2 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 3.0% შეადგინა, რამაც განაპირობა 2025 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 5.3%-მდე შემცირება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 7.0%-დან. ეს გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების ბალანსის 17.1%-იანი ზრდით არის განპირობებული, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო შემოსავლების ზრდამ ICT-ის (+43.8% წ/წ, $560 მლნ), ტურიზმის (+3.8% წ/წ, $2.0 მლრდ) და ტრანსპორტის (4.6% წ/წ, $827 მლნ) მიმართულებით. ამასთან, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი – საგარეო დისბალანსის ყველაზე დიდი წყარო – წლიურად 0.5%-ით 3.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაფინანსების დომინანტურ წყაროდ დარჩა 2025 წლის პირველ ნახევარში და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 65.3%-ით დააფინანსა.
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2025 წელს (2024 წელს 5.4% იყო).

2026 წლის ბიუჯეტი: მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც 5.0%-იან ეკონომიკურ ზრდას და 4.0%-იან დეფლატორს ითვალისწინებს. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები წლიურად 5.9%-ით იზრდება მშპ-ის 24.2%-მდე და პრივატიზაციიდან მოსალოდნელი შემოსავლები 350 მლნ ლარია. ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 29.4%-ის დონეზეა დაგეგმილი, სადაც კაპიტალური ხარჯების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 6.9%-ს შეადგენს (2025 წლის მოსალოდნელი 7.9%-ია). ამასთან, ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალი 2026 წელს მშპ-ს 34.9%-ს გაუტოლდება, რომლის კომპოზიციაში შიდა ვალის წილი იზრდება მშპ-ს 11.9%-მდე (2025 წლის 11.4%-დან), ხოლო საგარეო ვალის წილი მცირდება მშპ-ს 23.0%-მდე (2025 წლის 24.5%-დან).