პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 12.0%-ით შემცირდა და 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 25.0%-იანი კლების შემდეგ. კლება განპირობებულია რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების შემცირებით, მაშინ როდესაც სააქციო კაპიტალი 21.2%-ით გაიზარდა.
2025 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო (327.2 მლნ აშშ დოლარი, -2.8% წ/წ), უძრავი ქონება (66.4 მლნ აშშ დოლარი, +2.3% წ/წ), ენერგეტიკა (54.4 მლნ აშშ დოლარი, +194.6% წ/წ), ტრანსპორტი (41.8 მლნ აშშ დოლარი, +73.7% წ/წ) და დამამუშავებელი მრეწველობა (41.6 მლნ აშშ დოლარი, -34.9% წ/წ).
მეორე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (242.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (54.0 მლნ აშშ დოლარი), ჩეხეთი (38.3 მლნ აშშ დოლარი) და არაბთა გაერთიანებული საამიროები (37.1 მლნ აშშ დოლარი).
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 763.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა (-15.5% წ/წ), რაც მშპ-ის 4.5%-ია.
მონეტარული პოლიტიკა: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 10 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.0%-ზე დატოვა, რაც ასახავს რეგულატორის ფრთხილ მიდგომას გაზრდილი ინფლაციისა და გლობალურად მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით. სებ-ის პროგნოზით, 2025 წელს საშუალო ინფლაცია 3.8%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3.0%-ის გარშემო დასტაბილურდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+3.3% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.