ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს რეალური მშპ წლიური ზრდა 11.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 9.3%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.1%-ით გაიზარდა (ჩვენი პროგნოზი 10.2% იყო). დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის და მასპინძლობის დარგებში, ხოლო შემცირდა უძრავი ქონების ოპერაციების, პროფესიული საქმიანობის და ელექტროენერგიის მიწოდების სექტორებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება 2023 წელს, ხოლო 5.0%-ით 2024 წელს (იხილეთ მეტი დოკუმენტში).

ინფლაცია: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შენელდა, წინა თვის 9.8%-იანი დონიდან. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 7.7%-მდე გაიზარდა     (+1.0პპ თ/თ). 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+15.0%, 5.03პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+13.1%, 1.38პპ), ტრანსპორტი (+5.2%, 0.63პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+8.7%, 0.58პპ), რესტორნები (+14.7%, 0.58პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (+10.1%, 0.52პპ) და ჯანდაცვა (-3.2%, -0.33პპ). ამასთან, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.8%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+1.4% თ/თ, 0.46პპ) კატეგორიაში. ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წელს, ხოლო 3.8%-ს მიაღწევს 2024 წელს.

მონეტარული პოლიტიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11.0%-ზე დატოვა. სებ-ის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება და მყარი ლარის კურსი განაპირობებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან და ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად.  თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, სებ-ი საყურადღებოდ მიიჩნევს ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ბოლო პერიოდში, ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასების პროდუქტიულობაზე უფრო მეტად ზრდის პროცესს. აქედან გამომდინარე, სებ-ი მიზანშეწონილად თვლის წლის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შეინარჩუნებას და შერბილებაზე გადასვლას მას შემდეგ, რაც ფაქტიური ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის  29 მარტს ჩატარდება.