უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.4პპ-ით შემცირდა და 16.7% შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული 18.0%-ის შემდეგ. ამასთან, იმავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულებთა რაოდენობა წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 69.1% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.2% იყო, რაც მთლიანი დასაქმების 30.9%-ია. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება 2021 წლის მე-2 კვარტლიდან მოყოლებული. 2023 წლის მე-2 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 1.6პპ-ით გაიზარდა და 53.2% შეადგინა, და აღემატება პამდემიამდელ დონეს. 

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის წლიურად 1.9%-ით შემცირდა 522.8 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 22.5%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული შემცირება ძირითადად იხსნება გასული წლის მაღალი ბაზის ეფექტით. რაც შეეხება იმპორტს, მისი წლიური ზრდის ტემპი 1.2%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.9%-ით გაიზარდა 663.7 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 3.4%-იანი ზრდის შემდეგ. 
ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.5%-ით გაიზარდა და 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 15.7%-ით გაიზარდა 3.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 19.0%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 1.6%-ით შემცირდა და 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა მხოლოდ რუსეთიდან (-26.6% წ/წ, -42.9% თ/თ, მთლიანის 24.5%). თუმცა, ამავდროულად, გზავნილების მაღალ წლიურ ზრდას ჰქონდა ადგილი შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია (+26.1%), აშშ (+40.1%), საბერძნეთი (+12.9%), გერმანია (+40.3%), ისრაელი (+6.2%) და ყაზახეთი (+62.0%). ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 27.5%-ით გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.