საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი 13.6%-მდე დაჩქარდა 2023 წლის ივლისში, წინა თვის 8.4%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 47.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივლისში სესხების პორტფელი წლიურად 14.5%-ით გაიზარდა, წინა თვის 13.5%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა, მნიშვნელოვნად, 14.7%-მდე დაჩქარდა (+12.0% ივნისში), ხოლო საცალო დაკრედიტება წლიურად 14.2%-ით გაიზარდა (+14.7% ივნისში); ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა მცირედით შენელდა და 11.3% შეადგინა (+11.8% ივნისში) ივლისში.
2023 წლის ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 25.3%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 47.8 მლრდ ლარი შეადგინა, წინა თვის 29.2%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, ივლისში ლარის დეპოზიტები წლიურად 41.2%-ით გაიზარდა (+43.1% ივნისში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 13.3%-მდე შენელდა (+19.1% ივნისში). შედეგად, ივლისში დეპოზიტების დოლარიზაციამ 50.6% შეადგინა (-6.27პპ წ/წ და -0.13პპ თ/თ).
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 0.7%-ით შემცირდა 529.6 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 22.7%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული შემცირება ძირითადად იხსნება გასული წლის მაღალი ბაზის ეფექტით. რაც შეეხება იმპორტს, მისი წლიური ზრდის ტემპი 1.2%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა 657.0 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 3.2%-იანი ზრდის შემდეგ.
2023 წლის ივლისში მანქანები (+83.3% წ/წ), სპილენძი (-55.3% წ/წ), ელექტროენერგია (+139.9% წ/წ), ღვინო (+13.9% წ/წ) და ხილი (-13.4% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 9.5% ევროკავშირზე მოდიოდა (-3.8% წ/წ), 65.4% დსთ-ზე (+24.1% წ/წ) და 25.1% სხვა ქვეყნებზე (-34.2% წ/წ).
2023 წლის ივლისში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+25.4% წ/წ), ნავთობი (-21.0% წ/წ), მედიკამენტები (+11.8% წ/წ), ტელეფონები (+43.2% წ/წ) და სპილენძი (-73.8% წ/წ).
ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.3%-ით გაიზარდა და 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 15.9%-ით გაიზარდა 3.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 19.0%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-მა ივლისში რეზერვები შეავსო
სებ-მა 2023 წლის ივლისში 278.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით. ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 1.34 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 2.8%-ით შემცირდა 2023 წლის ივლისში, წინა თვეში დაფიქსირებული 6.0%-იანი კლების შემდეგ. ფასების შემცირებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ დამამუშავებელი მრეწველობის (-3.4% წ/წ) სექციაში.