Fitch-მა საქართველოს პერპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე დაადასტურა 2023 წლის 27 იანვარს. Fitch-ის მიხედვით, პოზიტიური პერსპექტივა ნაწილობრივ ასახავს 2022 წელს რეალური მშპ-ს შთამბეჭდავ ზრდას, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებას და ფისკალურ სიჯანსაღეს. ამასთან, Fitch-ი ხაზს უსვამს, რომ 2022 წელს საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ჯანსაღი მაკრო-ფისკალური პოლიტიკა შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, ფისკალური დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირებით. Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ 4.5%-ით გაიზრდება 2023 წელს, ხოლო 5.0%-ით 2024 წელს. სააგენტოს მოლოდინით გასული წლის მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინება მკვეთრად არ შეიცვლება, რადგან უკრაინაში გახანგრძლივებული ომის პირობებში მიგრანტები უფრო ინტეგრირებულები იქნებიან საქართველოს ეკონომიკაში.

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში (+2.7% თ/თ), წინა თვის 5.4%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიური ზრდა დეკემბერში 12.1%-მდე შენელდა (+2.4% თ/თ), რაც ძირითადად გასული წლის მაღალი ბაზით იხსნება. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი 8.7% იყო (+10.0% ნოემბერში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 15.4% (+17.3% ნოემბერში) შეადგინა; აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 12.2%-ით გაიზარდა, წინა თვის 13.6%-იანი ზრდის შემდეგ. 2022 წლის დეკემბერში სესხების დოლარიზაცია 44.3%-მდე შემცირდა (-6.23პპ წ/წ და -0.32პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.7%-ს გაუტოლდა (-0.22პპ წ/წ და -0.22პპ თ/თ), რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა მაღალ დონეზე შენარჩუნდა, 29.6%-ით გაიზარდა 44.3 მლრდ ლარამდე 2022 წლის დეკემბერში (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ვალუტების მიხედვით, დეკემბერში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 30.3% (+30.6% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 29.2% შეადგინა, წინა თვის მსგავსად. ამასთან, დეკემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 56.1% შეადგინა (-3.82პპ წ/წ და -0.62პპ თ/თ).

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: საქსტატის მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი წლიურად 14.3%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული 10.7%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, სეგმენტების მიხედვით – მრავალსართულიანი ბინების ფასები წლიურად 12.5%-ით (+10.9% წინა კვარტალში), ხოლო კერძო სახლების ფასები წლიურად 18.0%-ით გაიზარდა (+10.0% წინა კვარტალში). ამასთან, წინა კვარტალთან შედარებით, 2022 წლის მე-4 კვარტალში ფასები 3.8%-ით გაიზარდა მრავალსართულიანი ბინების სეგმენტში, ხოლო კერძო სახლების  ფასების ზრდამ 8.9% შეადგინა, რამაც მთლიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის 5.5%-იანი კვარტალური ზრდა განაპირობა.