ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში რეალური მშპ 7.7%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.4%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა პროფესიული და სამეცნიერო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგებში.
იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ზრდის გათვალისწინებით, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზი 6.8%-მდე გავზარდეთ წინა 5.0%-დან (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
ინფლაცია: 2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 2.4%-ის შემდეგ. მარტში ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 4.0%-იანმა ზრდამ (+3.0% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 5.7%-იანი ზრდა (+3.1% წ/წ წინა თვეში). ამასთან, მარტში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის ტემპი, მცირედით, 0.2%-მდე შენელდა, წინა თვეში არსებული 0.5%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2025 წლის მარტში წლიურად 2.4%-ით გაიზარდა (+2.0% წ/წ წინა თვეში).
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+6.6% წ/წ, +2.20პპ), ჯანდაცვა (+8.8% წ/წ, +0.74პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.2%, +0.28პპ), განათლება (+4.9% წ/წ, +0.25პპ), სასტუმროები და რესტორნები (+6.6%, +0.22პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.1% წ/წ, -0.12პპ) და კავშირგაბმულობა (-12.4% წ/წ, -0.46პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის მარტში 1.1%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+2.8% თ/თ, +0.93პპ) და ჯანდაცვის (+1.7% წ/წ, +0.15პპ) ჯგუფებში ფასების ზრდამ განაპირობა.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
მიმდინარე ანგარიში: 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.4%-მდე შემცირდა, 2023 წელს დაფიქსირებული 5.6%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად მომსახურების ბალანსის წლიურმა 12.3%-იანმა გაუმჯობესებამ განაპირობა, რაზეც პოზიტიური გავლენა ჰქონდა ტურიზმის (+7.3% წ/წ) და ტრანსპორტის მომსახურებიდან (+16.1% წ/წ) შემოსავლების ზრდას. ბალანსის დამატებითი გაუმჯობესება განაპირობა უარყოფითი შემოსავლის ბალანსის წლიურმა 10.1%-იანმა შემცირებამ. აღნიშნულ პერიოდში საქონლით სავაჭრო დეფიციტი წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, რადგან საქონლის ექსპორტი 6.1%-ით გაიზარდა, ხოლო საქონლის იმპორტის ზრდა 6.3% იყო. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 43.9%-ით შემცირდა 905.9 მლნ აშშ დოლარამდე, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხოლოდ 60.7% დააფინანსა. ამასთან, თუ მიმდინარე ანგარიშიდან რეინვესტიციებს გამოვრიცხავთ (აღირიცხება როგორც მიმდინარე ანგარიშის, ისე მისი დაფინანსების წყაროს მუხლებში), მაშინ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 მშპ-ის 1.0%-ს შეადგენდა (2023 წელს დეფიციტი 0.4% იყო).
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2025 წელს.